გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ალან გილამს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტში მიმდინარე საკანონმდებლო საქმიანობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონპროექტზე, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს სხავადასხვა აქტორების ჩართულობით.
შეხვედრაზე უსახლკარო და შინაური ძაღლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის (CRRC) მიერ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარდა და მისი მიზანი იყო უსახლკარო და შინაურ ძაღლებთან მიმართებით საქართველოს მოსახლეობაში არსებული განწყობის გამოვლენა.
მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილი კვლევის შედეგები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, რომელიც საყურადღებოა როგორც საკანონმდებლო საქმიანობისას, ასევე ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის ეფექტურად წარმართვაში.