საქართველოში ვიხილეთ, როგორ შეიძლება მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია, პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების, მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მეშვეობით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე განაცხადა.
მახაშვილის თქმით, მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში.
„ახალმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საარჩევნო გარემო. დღეს ისინი წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას დემოკრატიული პროგრესისთვის, ისე გამოწვევას საარჩევნო პროცესებისთვის. საქართველოში, პირველად ჩვენს ისტორიაში, გამოვიყენეთ SmartMatic-ის ელექტრონული აპარატები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, ხმის მიცემის, დათვლისა და საარჩევნო ოქმების შეჯამებისთვის – რაც ამომრჩევლების 90%-ზე მეტს მოიცავდა. ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ არსებითად შეამცირა ადამიანური შეცდომები და, პრაქტიკულად, აღმოფხვრა რამე სერიოზული საარჩევნო დარღვევები. საერთო ჯამში, აღნიშნულმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას საარჩევნო სისტემის მიმართ. ასე რომ, ახალი ტექნოლოგიების არ უნდა შეგვეშინდეს, თუმცა, ტექნოლოგიის შესაძლებლობა, რომ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, რისკებსაც შეიცავს, როდესაც მას ადამიანები ბოროტად იყენებენ. მაგალითად, 2024 წელს საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების და მედიის მხრიდან დემოკრატიული პროცესის მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის გასამტკიცებლად, აუცილებელია, რომ მათი გამოყენება ხდებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების უპირობო დაცვით. მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო ორივე მიმართულებით აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში. მოხარული ვიქნებით, ვითანამშრომლოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დაინტერესებულ წევრებთან, რათა შევისწავლოთ ამ მიმართულებებით თქვენი საუკეთესო გამოცდილება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.