საკონსტიტუციო სასამართლოს გზით „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული შვილობილი პარტიების აკრძალვა უნდა მოხდეს, როგორც მოსახლეობას შევპირდით, ამ პროცესს გავაგრძელებთ და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, ჩვენი მტკიცებულებები ნამდვილად გამყარებულია თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„რაც მთავარია, თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, მყვირალა განცხადებების ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლოში თქვან. რატომ უნდა აიკრძალოს? – პასუხი დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალებში დევს. იმიტომ, რომ ძალადობრივი რეჟიმი იყო, რომელიც საზოგადოების განვითარებას გუდავდა და ახრჩობდა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება იმ რესურსით, რაც გააჩნიათ. საბედნიეროდ, სახელისუფლებო რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ჩახშობას და ჩაკვლას ცდილობენ. საკმარისი საფუძვლები არსებობს, რომ ეს პარტია აიკრძალოს“, – განაცხადა მახაშვილმა.