ბაიდენმა მძიმე მემკვიდრეობა დატოვა და აუცილებელია, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას თუ ხელს შეუწყობენ, მხოლოდ მივესალმები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების დასმულ კითხვას, გამოცემა „ჰილსის“სტატიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს მიმართ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“.
სტატიის თანახმად, ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
ლევან მახაშვილის თქმით, სტივ ნიკანდროსს საქართველოს წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაუვრცელებია და არ აქვს ინფორმაცია, ახლა რა მიზანი ამოძრავებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობიდან გამომდინარე, ამ ადამიანის თაობაზე ვიცი. რამდენადაც მახსოვს, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, სხვათა შორის, გააფთრებით. მას საქართველოს წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაუვრცელებია. არ ვიცი, ამ ადამიანს რა მიზანი ამოძრავებს და ამ პროცესში როგორ არის ჩართული. მხოლოდ მივესალმები, თუ ადამიანები ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობენ. წავიკითხე სტატია და დარწმუნებული ვარ, აქ რაც წერია, სიმართლეა. ამ ადამიანის საქმიანობის თაობაზე არ ვიცი. სტატიაში წერია, რომ „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ მოქმედებს. არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეა. ეს ადამიანი ურთიერთობების გადატვირთვის მომხრე თუა, მივესალმებით, რადგან ბაიდენმა მძიმე მემკვიდრეობა დატოვა და აუცილებელია, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.







