ვერ გეტყვით, დსთ-ს წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი რატომ აძლევს თავს უფლებას, სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს. ალბათ, საკუთარი ქვეყნის გაუქმება დაასრულა და შეუძლია, სხვა საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველოს საკითხს ხშირად იყენებენ საკუთარი მარცხის გასამართლებლად და შესაძლოა, სანდუს განცხადებაც ამის ნაწილი იყოს.
ლევან მახაშვილის განცხადებით, მოუწოდებს ყველას, საქართველოს საკითხით მანიპულირებას შეეშვან.
„იმ ისტორიასა და იმ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოსთან დაკავშირებით აქვს გაკეთებული, ალბათ ყველაფერი ნათელი იქნება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, 4 ოქტომბერს, საკუთარი განცხადებებით როგორ უჭერდა მხარს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ამიტომ, ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს, ეს ერთიანი დიდი პროცესის გაგრძელებაა. დღეს ეს არის ის ადამიანი, ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს, იმის მიუხედავად, რომ არც სამსახურებრივად, არც საქმიანად, არც ეროვნულად და არც არაფრით მას არაფერი ესაქმება საქართველოს შიდა საქმეებში. სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საკითხით ჟონგლიორობა ბევრჯერ გვინახავს. საქართველოს საკითხს შიდა, მათ შორის საკუთარი მარცხის გასამართლებლად ხშირად იყენებენ. შეიძლება, სანდუს განცხადებაც ამის ნაწილი იყოს. მისგან უარესი განცხადებაც მოვისმინეთ. როგორც ჩანს, საკუთარი ქვეყნის გაუქმებაზე აპირებს ხელის მოწერას, თუ ამის საჭიროება დადგება. ეს ჩვენი თემა არ არის. ყველას მოვუწოდებთ, საქართველოს საკითხით მანიპულირებას თავი დაანებონ. თავისი მარცხი საკუთარ ქვეყანას თავად აუხსნან. საქართველოს დსთ-ს წევრი მოლდოვისგან არაფერი აქვს დასაწუნი. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც რიგითი მოქალაქე, ვისურვებდი, გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუნდაც ელჩის დაბარებას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.







