ძალიან დიდი ალბათობით ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები იქნება შემცირებული, თუმცა ასევე ვვარაუდობთ, რომ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები დაიწევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფასების საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, პარლამენტის კომისიის მუშაობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი სამუშაო პროცესს.
„იქნება ძალიან ინკლუზიური პროცესი, ბიზნესი იქნება ჩართული თავიდან ბოლომდე. ბიზნესი არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მონაპოვარი. ჩვენ არ ვაპირებთ ბიზნესში ჩავერიოთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესმა, პარლამენტმა, მთავრობამ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა. ვხედავთ კონკრეტულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელია ფასების შემცირება, ეს ეხება როგორც სასურსათო პროდუქციას, ასევე საწვავს, მედიკამენტებს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.








