რუსულმა ოცნებამ ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს, ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, ვიდრე სააკაშვილს ახსენებენ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს, დაწყებული ოკუპაციით, გაგრძელებული მავთულხლართების გავლით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და რუსული ოცნება ყველაფერს აკეთებს ამის საბოტაჟისთვის. შემოიტანეს რუსული კანონი, რაც ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ფაქტობრივად დააღეჭვინა ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და რუსულ მთავრობას. ასევე, ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს რუსული ოცნება, მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც ნორვეგიელებმა გადასცეს და სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც უახლოეს პერიოდში მიღებული აქვს მაია სანდუს. დღეს, ჩვენ ვნახეთ რუსული პარტიის, რუსული ოცნების არაადეკვატური დამოკიდებულება, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა იმისათვის, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის შესახებ და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს გადაეცა.
რაფალიანცის, თათუხაშვილის, ბაჩალიაშვილის, მაჩალიკაშვილის, კორტავას, ფარტენაძის მკვლელები საუბრობენ სხვა ადამიანის უფლებების დარღვევაზე. "ჯალა-თია", რომელიც გელათს ანგრევს, ჯვრის მონასტერი დასანგრევად გაიმეტა და ამასობაში, რუსულმა ოცნებამ ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს, ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, ვიდრე სააკაშვილს ახსენებენ. როდესაც ეს ხალხი ხელისუფლებაში აღარ იქნება, არათუ ნორვეგიელებს ან რომელიმე ქვეყანას, არამედ არავის გაახსენდება და საზოგადოებას უცებ შევახსენებ, აბა გაიხსენებთ, რუსული ოცნების პრემიერ-მინისტრები. თქვენ, სახელი და გვარის გახსენებაც კი გაგიჭირდებათ, არათუ ჩვენ ევროპელ კოლეგებს. პრეზიდენტ სააკაშვილს კი, რომელიც ამ პირობებში პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიტვა, ესტონეთი. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმაც გააკეთა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადება“- განაცხადა ხაბეიშვილმა.