არჩევნები ჯერ ჩანიშნული არ არის, არ ვიცით, რა კონფიგურაცია იქნება. ამ პირობებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ან მსგავს რამეზე მსჯელობაც კი სისულელეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის წევრები ელექტრონული წესით მიიღებენ.
„ასეთი თემა არის მოგონილი, ჭორი, ტყუილი. ვინმე რამეს რომ არ გამორიცხავს, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დასტურდება. ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. „რუსული პარტია“ ქვეყნის გარუსებას როცა აპირებს, ამ პირობებში რაიმე თანამდებობაზე მსჯელობა სრული სიგიჟე და პოლიტიკური დანაშაულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტული წესებია მიღებული და ეს წესები არ დაირღვევა. ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება არა რომელიმე კაბინეტში, არამედ ჩვენი ამომრჩევლების მიერ. პრემიერობის კანდიდატი იქნება თუ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ ელექტრონულად, ისევე, როგორც ირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ თავმჯდომარეებს და როგორც აირჩიეს პოლიტიკური საბჭო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.