პარტია "ლელო" განცხადებას ავრცელებს.
"ლელო" ატარებს ჰუმანურ სისხლის სამართლის პოლიტიკას. ამნისტიის პრინციპი არის საზოგადოების დიდი მონაპოვარი და მისი სწორი გამოყენება ეხმარება ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობის პროცესს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრების რეინტეგრაცია უნდა იყოს პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება. სასჯელი არ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების დასასრული.
სწორედ საზოგადოებრივი ინტერესები და ფართო კონსესუსი უნდა განაპირობებდეს ფართო ამნისტიის აქტებს, თუმცა "ქართული ოცნების" პირობებში, ჩვენ გვახსოვს გაუგონარი და ქვეყნისთვის მტრული შეწყალების აქტები, როდესაც სახელმწიფომ შეიწყალა ოკუპანტი ქვეყნის აგენტები, ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესების მატარებლები და პუტინის იდეების გამტარებლები, ამიტომ არის "ლელოსთვის" ოცნების მმართველობით მიღებული ყველა ამნისტია რთული პროცესი.
"ლელო" მხარს ვერ დაუჭერს შემოთავაზებულ ამნისტიას. ამას აქვს 3 მიზეზი:
ამნისტია ეხება ყველა სახის სამოხელეო დანაშაულს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენ რწმენას, როდესაც ვამბობთ,რომ კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულზე ყველას მოეთხოვება პასუხი. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ფულის მოპარვას.
დღეს ნარკოდამოკიდებულება ქვეყნის უდიდესი ტრაგედიაა და რეალიზატორების მიმართ ამნისტიის აქტი არასწორია. "ლელო " ემხრობა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას მომხმარებლებთან მიმართებით,თუმცა, ის ფაქტი, რომ პროექტით ნარკოტიკების ტრაფიკის და დამზადების მუხლებზეც ვრცელდება ამნისტია, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.
ამნისტია შეეხება უვადო პატიმრებს და გარეთ შეიძლება გამოვიდნენ მძიმე დამნაშავეები, მკვლელები, ტერორისტები და ა.შ. ეს ვერ იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.
სწორედ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა არის "ლელოს"მიზანი და ეს ამნისტია ამ მიზანს აცდენილია. ამასთან, "ლელო" იბრძოლებს ნარკოდანაშაულების წინააღმდეგ! მომხმარებლები საჭიროებენ დახმარებას და სახელმწიფომ ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ვინც სიკვდილს ყიდის, ვინც კორუფციას სჩადის,მათ მიმართ ჰუმანიზმი კი არა მკაცრი პოლიტიკაა საჭირო!" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.