პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელა.

„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ცივ-გომბორის ეროვნული პარკი 21 761 ჰა-ზე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, ასევე სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰა-ზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰა-ზე.

მომხსენებლის თქმით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვა განხორციელდება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.

ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია, ბუნებრივი ეკოსისტემების მრავალფეროვნებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითაც გამოირჩევა. მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სათანადო დაცვას.

სხდომაზე „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება, „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების რეგულაციები და მისი თანამდევი საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, რიადის ხელშეკრულება 2024 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს. მისი მიზანია დიზაინის დაცვის პროცედურების გამარტივება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ხელშეკრულება ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პროცედურებთან დაკავშირებულ სირთულეებს. მას ხელს აწერს და აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 28 წევრი სახელმწიფო.

ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს, თუმცა საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები.

მისი თქმით, საქართველოსთვის ხელშეკრულებასთან შეერთება ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას და ქართველი დიზაინერების საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაციას.

კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.