30 ივნისს, 10:00 საათზე გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

"სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი. ასევე დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან ბატონების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზედაც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია.

სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე." - ნათქვამია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ,

2025 წლის 13 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის  სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. თვითონ მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და გირაოს გადაუხდელობის გამო რუსთავის ციხესთან დააკავეს.

 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა. 

2025 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე   ზვიად შარაძემ  "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს  რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

23 ივნისს მამუკა ხაზარაძე  "ლელოს" ოფისში დააკავეს.

 საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. პირველ აპრილს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, 2025 წლის 2 აპრილს  მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

2025 წლის 25 ივნისს გიორგი ვაშაძე დააპატიმრეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე7 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.