„ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა გადაიქცა წესად. ეს არის ყოველგვარი წესების გარეშე, პირდაპირ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან პარლამენტის ფოიეში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს უმრავლესობის რამდენიმე წევრი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
„ეს არის ძალადობის ძალიან კონკრეტული მაგალითი, როცა ერთ ადამიანს თავს ესხმის საპარლამენტო უმრავლესობა, დეპუტატები ფიზიკურად ძალადობენ გუბაზ სანიკიძეზე, ეს ჩანს კადრებში. სანამ კადრები გამოჩნდებოდა, როგორც ადამიანები საუბრობენ, ძალიან სერიოზული ფიზიკური ზიანი მიადგა გუბაზის, ვნახეთ შელაპარაკებაც მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ძალადობა „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატებზე გადაიქცა წესად, შეეჩვივნენ, რომ ადამიანს, ვინც მათ აკრიტიკებს, გაუსწორდნენ ფიზიკურად - 10, 20 ადამიანი, ჩაარტყან მიკროფონი... ეს არის ყოველგვარი წესების გარეშე, პირდაპირ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა ოპოზიციაზე სასესიო დარბაზში,“ - განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.
დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.
დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს „გაყიდული“ უწოდა, რის საპასუხოდაც სანიკიძემ ღარიბაშვილის მისამართით შეიგინა.