"ქართული ოცნება" დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტების განხილვას იწყებს.
საუბარია ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგსა და მედიის კანონის ბრიტანულ მოდელზე. კანონპროექტებზე მსჯელობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება. მოგვიანებით, დეპუტატები რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას მიჰყვებიან. საკანონმდებლო პაკეტში შედის ასევე ცვლილება, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სიახლე ქვეყნისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება.
"სამივე კანონპროექტი და არამარტო ეს, თითოეული კანონი, რომელიც 2012 წლიდან მიიღო "ქართულმა ოცნებამ" ემსახურებოდა, ემსახურება და მოემსახურება მხოლოდ ერთს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და რეალური დამოუკიდებლობის გამყარებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას, ღირსეულ განვითარებას და ღირსეულ წინსვლას. ყველაზე მთავარი - ამ ყველაფრის საწინდარი არის უსაფრთხოება," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია.