“ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო გამოსვლაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ვერასდროს, ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ერთად ვართ, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ.
ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როდესაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს.
ამ თავგანწირვის, ბრძოლის მაგალითი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს სადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. დღესაც ასეა, დადგა თავისი ოჯახით ხალხის გვერდით რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას. რომ აღარაფერი ვთქვათ შორეულ წარსულზე, ეს ხომ ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია. ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა.
დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა.
საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ- სტაბილურობა; სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით ევროპული მომავლის უზრუნველყოფა,”- აღნიშნა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის თქმით, სწორედ მშვიდობა არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც განაპირობებს საქართველოს განვითარებას, მის მომავალს, რასაც ასე ეწინააღმდეგებიან შინაური თუ გარე მტრები.
“ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის! სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა- ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას “არა ომს”. დიახ, არა ომს! გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს!
ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი.
ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში; რომ არ შეიძლება საქართველო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის. ადამიანს, რომელსაც არა აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება გული შესტკიოდეთ სხვა ქვეყანაზე?
ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, მოსახლეობა და სწორედ თქვენ ხელშია მისი მომავალი.
26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად!”- განაცხადა კახა კალაძემ.