თბილისის მერი კახა კალაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერად მესამე ვადით აპირებს მოსვლას. 

"მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა ჟურნალისტებს მის მიერ დაფუძნებულ ახალ კომპანიასთან დაკავშირებულ კითხვაზე - ისევ მერობას აპირებს თუ ბიზნესინტერესები აქვს, უპასუხა, რომ მერობას აპირებს, რაც შეეხება მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, მასზე ყველა ინფორმაცია ღიაა.


„ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც მაქვს საკუთრებაში. არის კომპანიები, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში და რომელიც მაქვს მითითებული დეკლარაციაში. 
შესაბამისად, როდესაც კანონის ენით მესაუბრებით, ჩემი თხოვნა იქნება, რომ კარგად წაიკითხოთ ეს ყველაფერი და შემდეგ დასვათ შეკითხვები. რაც შეეხება აღნიშნული კომპანიის საქმიანობას, რაც გვაქვს იდეაში, ეს არის საპილოტე პროექტი, რამდენად გამოსვლადი იქნება, ვნახოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.