„სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ „12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს“, კახა კალაძის თქმით: „25-30 წელი კი არა, უფრო მეტიც არის საჭირო, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მიღწევა ჰქონდეს.“
მისივე თქმით, ბოლო 12 წელში ქვეყანაში ყველა მიმართულებით იყო წინსვლისა და რეფორმების განხორციელების.
„სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან. თუ ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ამისთვის არსებობს არჩევნები და ხალხი იღებს გადაწყვეტილებას.
ქვეყანა ევროპულ გზაზეა და ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. ევროინტეგრაციის გზაზე მიღწევები რაც გვაქვს, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ძალიან მარტივია შედარებების გაკეთება, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე ყველა სფეროში. ბოლო 12 წელი კი, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის იყო წინსვლის, რეფორმების განხორციელების. რომ ამბობენ, ევროპას დავშორდითო, ეს არის ტყუილი და იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რასაც ქვეყნის გარედან თავს გვახვევენ. ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილი. მაგალითად, ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ქვეყანა დაესაჯათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე, დედაქალაქის მერმა შეაფასა ბიძინა ივანიშვილის დანარჩენი გზავნილებიც, კერძოდ, სასამართლოს თავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო კვლევიდან ჩანს, რომ ამ მიმართულებითაც აქვს ქვეყანას წინსვლა.
„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ეს ყველა საერთაშორისო კვლევიდანაც ჩანს. აქაც უნდა გავაკეთოთ შედარება - როგორი იყო მანამდე სასამართლო და ახლა როგორია. ცხადია გვინდა, რომ უკეთესობა იყოს, როგორც სასამართლოს, ასევე ყველა მიმართულებით. დღეს, რომ ყველანაირად კმაყოფილები ვიყოთ, მაშინ გავჩერდებოდით და ვიტყოდით - აუ, რა მაგარია, რომ ყველაფერი მოწესრიგებულიაო. თუმცა, იმ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, კიდევ უფრო მეტ რამეს აწესრიგებენ და წინ მიდიან. ჩვენი მოტივაციაც ეგ არის - სად ვიყავით, სად მოვედით და რა გვინდა მომავალში.
ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ქვეყანაში დაცულია და რომელიც მანამდე ფეხქვეშ იყო გაფენილი. გახსოვთ რამდენი დარეკეტებული ბიზნესმენი გვყავდა, დღეს კი, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ეს ადამიანები ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას. გვახსოვს, განსხვავებული აზრის მქონე ხალხს როგორ ექცეოდნენ, ციხეებში რა ხდებოდა, ქუჩებში როგორ ხოცავდნენ ადამიანებს. დღეს, რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა გვაქვს. ასევე, ავიღოთ თბილისის მაგალითი. 2017 წლის შემდგომ უამრავი პროექტი განხორციელდა. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფრით არ ვკმაყოფილდებით. გვინდა მეტი პროექტი გავაკეთოთ, მეტი გამზირი მოვაწესრიგოთ, მეტი პარკი გავხსნათ და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი არის ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეს მოიტანს, როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტ წინსვლას.
„ასევე, ავიღოთ სამუშაო ადგილების თემა. არსებობს უტყუარი სტატისტიკა, თუ რამდენით შემცირდა უმუშევრობის დონე, სიღარიბე. არ იფიქროთ, რომ ამას ვჯერდებით. კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ, წინ წავიდეთ, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, ბიზნესს დავეხმაროთ. ვერც ბიზნესი იქნება წარმატებული, ვერც ეკონომიკა გვექნება, თუ იმ რეზოლუციებს დავთანხმდებით, სანქციებს შევუერთდებით, ქვეყანაში მეორე ფრონტს გავხსნით. თუ მშვიდობა არ გვექნება, არც ეკონომიკური განვითარება გვექნება და ყველაფერი თავზე დაგვენგრევა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.