დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სტრატეგიული პარტნიორის შესაბამისმა უწყებებმა უფრო მეტი კონკრეტულობა უნდა წარმოუდგინონ ქართულ მხარეს. ამის შესახებ მან ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა
„პირველ რიგში, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზედაც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტულობა წარმოადგინონ.
გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის მეტი კონკრეტულობა უნდა იყოს მოწოდებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე