ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებმა გამოავლინონ პატივისცემა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ლარს პატრიკ ბერგის განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარული თანაგრძნობის გამოვლენის შესახებ.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სახელმწიფოს არ უნდა მიუთითონ ქვეყნის გარედან, რა გადაწყვეტილება მიიღოს.
„საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, ვინ უნდა დააკავონ და ა.შ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია. იგი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირიც... საქართველოს აქვს კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო მოქმედებს მათ შესაბამისად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მანვე პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს.
„ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. თქვენ გახსოვთ, მთელი კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამჯერ კვდებოდა. საქართველო არ არის ქვეყანა, რომ ვინმემ თავში წამოგვარტყას და მითითებები მოგვცეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, მაგრამ ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან და როდესაც გიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დემოკრატიის შუქურა იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.