თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები ფარისევლობაა.
როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება, რის მიხედვითაც მოქმედებენ.
„2008 წელს ომი იყო. დავკარგეთ ტერიტორიები. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო. თურმე, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა და ბიზნესის კეთება. მაშინ უბრძანეს, რომ ბიზნესს ხელი არ შეშლოდა, დღეს კი გაბრაზებულები უნდა იყვნენ. ამ თამაშს თამაშობენ. წლების წინ, როდესაც დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, სოფლები, ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, წერილებს უგზავნიდნენ რუსებს, მოეწყოთ კონცერტები. ეს შენიღბეს სახალხო ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად. სააკაშვილი საზღვარზე ია-ვარდებით ხელში რომ დარბოდა, ხომ გვახსოვს ყველას. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.