დედაქალაქის მერმა კახა კალაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის, ფინანსურ და ქონებრივ, ასევე სანქცირების საკითხებს შესაბამისი უწყებები წყვეტენ.
„განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ. ქალბატონმა ნათია თურნავამ რამდენჯერმე ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.
რაც შეეხება ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას, მე იურისტი არ ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა როგორც ვიცი, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები მას არ ზღუდავს ამ საკითხში. ეს მას შეეძლო ნებისმიერ დროს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისმა უწყებამ პირველივე დღეებში განაცხადა, რომ დაწყებულია მოკვლევა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
„ამ მოკვლევის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში.
დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე უპასუხა მედიის შეკითხვას ფარცხალაძის დაცვის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 19 სექტემბერს ცვლილება შეიტანა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით"
"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.
ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია
ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე