„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. ეს იყო მიზანმიმართული პიარკამპანია, რომელიც როგორც შიდა ძალებმა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, დავიწყოთ იქიდან, რომ ყველაფერი დაიწყო კანონთან მიმართებაში. მაშინაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ სრული პასუხისმგებლობით და გააზრებული მაქვს ეს ყველაფერი, აღნიშნულ კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. ეს იყო მიზანმიმართული პიარკამპანია, რომელიც როგორც შიდა ძალებმა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს და მას თავისი იარლიყიც კი მიაკრეს, თითქოს ეს იყო რუსული კანონი და სინამდვილეში რუსულთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ორი კანონპროექტი იყო წარმოდგენილი, ერთი იყო ანალოგი აშშ-ს და მეორე იყო სუფთა ქართული, უფრო შერბილებული იმიტომ, რომ ამერიკაში მოქმედი კანონი არის გარკვეულწილად ხისტი, ეწინააღმდეგება ადამიანების უფლებებს და ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ჩვენი მხრიდან, აღნიშნული კანონპროექტი, რა თქმა უნდა იყო გაცილებით რბილი და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს გამჭვირვალობას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუ საიდან ფინანსდება.
რაც შეეხება პროტესტს, ცხადია არავინ ამბობს იმას, რომ იქ მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ან მათი მხარდამჭერები იყო. იქ იყო ადამიანები, რომლებიც შეიძლება არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებიან, მაგრამ აქვთ თავისი ხედვა, სურვილი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რისი სურვილიც, ცხადია, ყველას გვაქვს და პირველი ამაში დაინტერესებული არის ქვეყნის ხელისუფლება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“- აღნიშნა კახა კალაძემ.