დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო წარსულში არასდროს დაბრუნდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრები იქნებიან ხალხის სამსახურში.

„გილოცავთ, მეგობრებო. ძალიან მიხარია, პირველ რიგში, თითოეულ ამომრჩეველს მინდა, ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო წარსულში არასდროს დაბრუნდება. საქართველო არასდროს დაბრუნდება იმ დროში, როდესაც ხალხს აწამებდნენ, ოჯახებს აუბედურებდნენ. ჩვენ გვინდა განვითარება, წინსვლა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. როგორც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩვენ, ყველა ვიქნებით თქვენს სამსახურში, ქართველი ხალხის სამსახურში და კიდევ ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ, მაგარ პროექტებს განვახორციელებთ და საქართველოს აუცილებლად წავიყვანთ იმ მიმართულებით, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, ოღონდ, ღირსეული, თავაწეულები და ღირსებით სავსე“, – განაცხადა კალაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.