თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად ევროკავშირის რიგი წარმომადგენლების არამეგობრული განცხადებებისა, პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიან გეგმას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ზედმიწევნით სრულდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა, ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს, მოიგონოს ახალ-ახალი საბაბები კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც გულდასაწყვეტია და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, არ ვიცი, რა დავარქვა ამ განცხადებებს. მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღებას პირდაპირ უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რაც, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. მაშინ, რა აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას? როგორც გზამკვლევი მოგვცეს იმისთვის, რომ მიგვეღო სტატუსი, რასაც ვაკეთებთ კიდეც. 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ.
„რა თქმა უნდა, ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მოწოდებები იყო ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ამ ადამიანებს არ ანაღვლებთ არც ქვეყნის მომავალი, მისი ევროინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში. ვიცით ეს ყველაფერი. მათთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, როგორმე მოვიდნენ და ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება ყველანაირი გზით - გადატრიალებით, დაპირისპირებით, რევოლუციით და ა.შ. მაგრამ მეგობრებო, არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების შესაცვლელად არსებობს ერთადერთი ცივილიზებული გზა - ეს არის არჩევნები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება საზოგადოების ერთიანობა, რაციონალურად მოქმედება და ქვეყნის ინტერესების დაცვით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც დასახულ მიზანთან მიგვიყვანს.
„ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ. მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე. თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან მოგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.