დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში თავისი ფოტოთი ვრცელდებოდა ე.წ. ბანერი, რომელზედაც ყალბი ინფორმაცია იყო დატანილი.
როგორც მან ვიდეოჩართვაში განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მსგავსი მეთოდებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
„მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ მუშაობს მათი ბინძური პროპაგანდა: ერთი, რომ კანონთან დაკავშირებით მთელი ამ ხნის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდნენ, ერთი შლეიფი მოაბეს, რომ ვითომ რუსული კანონია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მეორე - სოციალურ ქსელში გაავრცელეს რაღაც ბანერი ჩემი ფოტოთი და დააწერეს, თითქოს, მე ევროპის მოსურნე ადამიანებს (ჩვენ ყველას ევროპა გვინდა) საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი - „იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით“. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ვიღაც რომ წაიკითხავდა, შეიძლება ეჭვი გასჩენოდა, მართლა ვთქვი თუ არა ასეთი რამ. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მითქვამს. ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აწარმოებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე მოუწოდებს ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ.
„მოვუწოდებ ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საკუთარი მოსაზრების გამოხატვას თვლიან საჭიროდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.