„ჩვენ შეიძლება რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ იმის მერე ყველა თემა „დაიღეჭა“ და მიეწოდა საზოგადოებას. არ მჯერა იმის, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ეს განცხადება გაკეთდა იმისთვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, დასვას ნებისმიერი შეკითხვა იმიტომ, რომ თავიდან კეთდებოდა არასწორი ინტერპრეტაციები 28 ნოემბერს პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. ავრცელებდნენ ტყუილს და სიცრუით იყო ყველა განცხადება გაჯერებული ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროა ის, რომ ამ ყველაფერში ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს, საქართველოს მთავრობამ გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. წარმოუდგენელია უბრალოდ, როგორ შეიძლება, საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც დღეს ბურთი მათ მხარეზეა, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას გაუხსნან მოლაპარაკებები.
მე დღესაც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ჩვენი კომუნიკაციის ფორმა არ მოეწონა ვიღაცას, ან რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ იმის მერე ამდენი დღე გავიდა, ყველა თემა „დაიღეჭა“ და მიეწოდა საზოგადოებას. მე არ მჯერა იმის, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და გულანთებულია ამ მიმართულებით, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას და რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავ მზადაა, ხელი მოაწეროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუკი დასავლეთის მხრიდან ამის მზაობა იქნება.
„კანდიდატის სტატუსის თემა იყო და გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, როგორი ცილისმწამებლური განცხადებები კეთდებოდა. ყველაფერი იკადრეს, გვაშანტაჟებდნენ, მაგრამ ჩვენ დავდექით ღირსეულად, დავდექით მყარად და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. დღეს, უკვე კანდიდატის სტატუსი, როგორც იარაღი, არ აქვთ ხელში, მაგრამ აქვთ სხვა მიმართულება - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა.