ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული, რითაც ვამაყობთ და ამით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ევროპარლამენტარის მხრიდან ვხედავთ, თუ როგორ აშანტაჟებენ ქვეყანას. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, დადეთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დღესვე მოაწეროს ხელი. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ევროპა მხოლოდ სიტყვები არ არის. რა არის ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაზეც ევროპაა დაფუძნებული? პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცულობა, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და დავიცვათ ეს ღირებულებები. 

სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, სრულიად საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ - დაზიანებული, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცველებით; მოქალაქეებით, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რისი საშუალებაც გააჩნიათ, მათ შორის, არასრულწლოვანების ხელიდან. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის მოსწავლეების მიმართ მოწოდებებს აკეთებდა. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, ბავშვებს, არასრულწლოვანებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ეს ადამიანი მგონი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან გამოსულია. ის არ წარმოადგენს ამ ქვეყანას და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს. - განაცხადა კახა კალაძემ.