დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილიც შეაფასა.
"ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ არ არსებობს სფერო და დარგი, სადაც ჩვენ არ გვაქვს გაუმჯობესება, წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა საერთაშორისო მონაცემებით, ვინც სწორად აფასებს და ხედავს დღევანდელ მოცემულობას ქვეყანაში, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს, თუნდაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი იმ ე.წ. დემოკრატიის შუქურის წარმომადგენლების მხრიდან, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ, როგორ ძარცვავდნენ და აუბედურებდნენ, რა ხდებოდა ქუჩებში, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს, როგორი ტერორი და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ყველა მიმართულებით, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ნახეთ, შეადარეთ 2012 წლამდე პერიოდი და 2012 წლის შემდგომ გადადგმული ნაბიჯები. ყველა წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას. მთავარი ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ გვინდა ეს ომი, რადგან მას აქვს უმძიმესი შედეგები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომელიც მივიღეთ 2008 წელს - უამრავი დევნილი, დაკარგული ტერიტორიები, რომელიც დღესაც ოკუპირებულია, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მძიმეა ეს ყველაფერი. ნახეთ, უკრაინაში რა ხდება, მტერს არ ვუსურვებ. უამრავი მეგობარი მყავს უკრაინაში, ვერ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა, რა სიმძიმისაა ეს ყველაფერი, განადგურებული ქალაქები, გადამწვარი სოფლები, ლტოლვილი მოსახლეობა, უამრავი დაღუპული ახალგაზრდა გოგო-ბიჭი, პატარა ბავშვები, წარმოუდგენელია ეს. არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა, განვითარება და წინსვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.