„დღეს 1 ოქტომბერია. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, პარტიის გულშემატკივარს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც 2012 წლის პირველი ოქტომბერი ასოცირდება ქვეყნის გამარჯვებასთან, თავისუფლებასთან. მართლაც, ურთულესი და უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ. 12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას." - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად უარი უთხრა ე.წ. დემოკრატიის შუქურას, რომლის სტატუსსაც გარე აქტორები თავს ახვევდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუმცა რა იდგა ამის უკან, რამხელა ბოროტება, რამხელა სიძულვილი და სისხლიანი რეჟიმი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. 12 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა
მე ვიტყოდი, რომ ასეთი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხრიდან 2012 წლის შემდგომ არ ჰქონია, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, გამოწვევებს და სირთულეებს, რომელიც არსებობს და ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად შეუძლია, დაიცვას ქვეყნის ინტერესები, შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანა განავითაროს ეკონომიკურად“, - განაცხადა კახა კალაძემ.