„რომ გითხრათ, რომ პოლიციამ უნდა გვასწავლოს ქალის მიმართ პატივისცემა, არ ვიქნები მართალი, ვერ გვასწავლის. ოჯახური ძალადობის ფუძე მოდის ოჯახიდან. ოჯახში მამამ შვილს გაზრდის დროს თუ არ ასწავლა რომ ქალს პატივი უნდა სცე და არ შეიძლება მასზე ხელი აღმართო, პოლიცია ვერ შევა და ვერ დაიწყებს ამის სწავლებას“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.
ქალთა მიმართ ძალადობა იყო მინისტრისადმი ინტერპელაციის წესით დასმული საკითხებიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
კახა კახიშვილის შეფასებით, ოჯახურ ძალადობას მარტო პოლიცია ვერ უშველის და საჭიროა ამ მიმართულებით საზოგადოების აზროვნების ამაღლება.
„ოჯახური ძალადობა აღმოიფხვრება მაშინ, როდესაც ოჯახში ბავშვის გაზრდის დროს იქნება ჩადებული ის ადათ-წესები და ტრადიცია, რომლებიც ჩვენ განგვასხვავებს სხვა ერებისგან. სწორედაც სკოლიდანვე უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ არ შეიძლება ქალზე ძალადობა. ჩემს ბავშვობაში ასე იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ ქალბატონი რაც უნდა გაბრაზებული იყოს, არ უნდა შეუბრუნო მას სიტყვა. მაგალითად, სულ რომ ჩხუბი ყოფილიყო და მამაკაცი ქალთან ერთად ყოფილიყო, არ უნდა გაწეულიყავი ამ ჩხუბში და პირიქით პატივი უნდა გეცა ქალბატონისთვის. დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ ანარქიას! და ამას მარტო პოლიცია ვერ უშველის, ამას უშველის მთლიანად საზოგადოებრივი აზროვნების ამაღლება ამ საკითხისადმი, რაზედაც ყველამ უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.