ვინმემ ამიხსნას, რატომ შეიძლება საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ამ კანონის მიღება და რატომ არ შეიძლება ჩვენთვის, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„27 მარტს, საფრანგეთმა მიიღო ასეთი კანონი, მოსწონთ?! კი, ბატონო, ჩვენ შეგვიძლია მთელი ტექსტი წამოვიღოთ საფრანგეთის მიღებული კანონის, გადავთარგმნოთ და მივიღოთ, მაგრამ ის გაცილებით ხისტია. კანადაში, ისრაელსა და ავსტრიაში უკვე ამ კანონზეა საუბარი. ზოგმა მიიღო, ზოგისთვის ჯერ ამოცანად რჩება და შემუშავების პროცესშია“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.

კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.