დეპოლარიზაცია თქვენი შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის არის ის საკითხი, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ჩვენ ვერ ჩავერთვებით, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაცია თქვენი პრეროგატივაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ამ საკითხზე საუბარში შესვლაც იქნებოდა ჩარევა შიდა ცხოვრებაში, ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. პირადად მე, ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტებს, ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა არ ეთანხმება ოპოზიციას. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, როდესაც არ არსებობს ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევა და სულისკვეთება არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესს.
ჩემი მოწოდება ყველასადმი ის არის, რომ გამოიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმრავლესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. ჩემი ბერკეტი ამ შემთხვევაში მინიმალურია. პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.