იდეოლოგიური წებო რადგან არ კრავთ, მგონია, რომ არჩევნებამდე დაიშლება ასეთი გაერთიანებები, – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა ოპოზიციურ ფლანგზე, ეს არის იდეოლოგიური ერთობა პოლიტიკური ღირებულებების გარშემო, თუ ტექნიკური გაერთიანებები 5 %-იანი საარჩევნო ბარიერის დასაძლევად.
„ხან წინასაარჩევნოდ იციან უცებ შემოგდება რაღაც გაერთიანების, თავიანთი ამომრჩევლის გაკვირვება და ხან ასე ერთი წლით ადრე დაანონსება, რაც მეტისმეტად ადრეა. რახან მათ იდეოლოგიური წებო არ კრავთ, მგონია, რომ არჩევნებამდე დაიშლება კიდეც ასეთი გაერთიანებები“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
მისი თქმით, ის, რასაც საზოგადოება ხედავს, რესურსების გარშემო გაერთიანებაა.
„მათ შორის, ერთი გაერთიანება, რომელიც ვნახეთ და მეორეც, რომელსაც ვარაუდობენ „ლელოს“ გარშემო. იქ ვნახავთ ადამიანებს, რომლებსაც არათუ საერთო იდეები აქვთ, არამედ არ მოსწონთ ერთმანეთი და ერთმანეთისთვის ისეთები უკადრებიათ, მეტი რომ არ შეიძლება. მაგალითად, „ლელოს“ გაერთიანებაში ჭორის დონეზე მოიაზრებიან ძალიან მემარჯვენეებიც, „ლელოში“ ვიღაც მემარცხენეებიც ჰყავთ, ცენტრისტებიც და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არც მათ მემარჯვენეობა-მემარცხენეობას აქვს შინაარსი და უბრალოდ ეს არის – მოდით, რამენაირად დავანახოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ერთიანი ვართ. „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ჯერჯერობით, ბატონი ვაშაძე გაერთიანდა და ხომ გვახსოვს, ერთმანეთზე რა ცუდი რაღაცები უთქვამთ? „ლელოს“ გარშემოც საუბრების დონეზე შეიძლება, ჩვენგან წასული ზურაბ ჯაფარიძე და მისი მეგობრები გაერთიანდნენ; შეიძლება, „დროაზეც“ იყოს საუბარი. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ჭორის დონეზეა, თუმცა მეორე გაერთიანება თუ იქნება, ეს იქნება „ლელოს“ გარშემო და მართლა ისეთი აჯაფსანდალი იქნება, იმდენი სხვადასხვა ხალხი, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, რომ ასეთ გაერთიანებას სხვა ვერაფერ ახსნას ვერ ვუძებნი, გარდა იმისა, რომ რესურსების გარშემო ხდება გაერთიანება“, – განაცხადა საბომ.
მისი თქმით, ასეთი გაერთიანებები „გირჩისთვის“ ძალიან კარგია.
„მაგალითად, ვაშაძე-„ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ავიღოთ – როცა ვაშაძე ცალკე იყო, რა თქმა უნდა, ის პარაზიტირებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზეც. იმ ხალხზე, რომლებსაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული ოდნავ აუცრუვდა, მაგრამ მაინც იქით იყო, თუმცა მისი ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება, ყოფილიყო ე. წ შუაშისტი ამომრჩეველი, რომელმაც ჩათვალა, რომ ვაშაძემ „ნაცობა“ ჩამოირეცხა და შუაში რაღაც მესამე მიმართულებას აწვება. ახლა კი, როდესაც ის თავის ძველ პარტიას გაუერთიანდა და დედასტრუქტურაში დაბრუნდა, ამ ხალხს, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია, არჩევნებზე მიდის და ვაშაძეზე ფიქრობდა, ველი მოუსუფთავდა. ჩვენ მეტი საშუალება გვექნება, ისინი ჩვენ მხარდაჭერაში დავარწმუნოთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.