„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მიღებულ თანხებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის იყენებენ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დაფინანსება რადიკალურმა ოპოზიციამ ბოროტად გამოიყენა.
„საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის საელჩოებსაც, მოვუწოდებ - შეიძლება თქვენ კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ ნახეთ, რომ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს. ხომ ნახეთ, საზოგადოებამ არ მიიღო, არ დაუდგა გვერდით, ასე რომ, უნდა შევეშვათ ასეთი „ენჯეოშნიკების“ დაფინანსებას, რომელიც მათ შორის, არა ჩვენ წინააღმდეგ, არამედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზეც იქონიებს მავნებლურ გავლენას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.