ხაზარაძემ ბრძანა, „ნაცებისგან“ ცალკე ვართო და ბიძინა ივანიშვილს კვირებს უთვლის, ამბობს, მოსკოვში მოუწევს წასვლაო. ამას ამბობს „ლელო“, რომელიც წლების განმავლობაში შეზრდილი იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადეიშვილთან და საზოგადოებას ერთობლივად არეკეტებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ამავე პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში“.
ირაკლი ზარქუას თქმით, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ხელმოცარულია და არჩევნების შემდეგ ისევ ბიზნესში მოუწევს გადანაცვლება, სადაც მისი ადგილია.
„ლელოსთვის“ და გახარიასთვის თურმე „ნაცები“ახლა არის მიუღებელი. მამუკა ხაზარაძემ „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძლო, ცეცხლი წაუკიდა და მისი მართვის მეთოდებიც ვნახეთ. როგორ ჰგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას ანდობს? „მუსტანგი“ ვერ უმართია, გამართული ამერიკული მანქანა. არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში ისევ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პარტია დავრჩებით, ხოლო მას ისევ ბიზნესში გადანაცვლება მოუწევს, ასევე სესხის გაცემა, მიღება, ვაჭრობა, რაც მისი თემაა. იქ თავს წარმატებულად გრძნობს. იქ იქნება, სადაც მისი ადგილია. დარწმუნდება, რომ პოლიტიკაში ხელმოცარულია. პატრონებისგან აქვთ დაკვეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაენაცვლონ, მარგინალები გახდნენ და რევოლუციონერები იყვნენ, რაც არ გამოუვათ. მათზე უფრო დიდი დაფინანსება და მხარდაჭერა გლობალური ომის პარტიიდან „ნაცებს“ ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, რადგან საზოგადოებამ ისინი ისევე გაშიფრა, როგორც „ლელოა“ გაშიფრული“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.