მიხეილ სააკაშვილი უფლებამოსილი არაა, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.
„ვერ არიან კარგად, ამით შეიძლება შეფასდეს ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი. პატივცემული სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და კეთილი ინებოს, პატივი სცეს ამ ქვეყნის კონსტიტუციას. ახლა ხომ მაინც შეუძლია, მოინანიოს და ერთხელ მაინც გადადგას ადეკვატური, საქართველოს ინტერესებისა და კანონმდებლობის შესაბამისი ნაბიჯი. სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა.
რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ეს გოგო მეცოდება, მის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ახლა წარმომადგენლად დანიშნა. აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? რომელ პარტიას წარმოადგენს, ეს რომ დადის და წამდაუწუმ სააკაშვილს, ბელადს ახსენებენ? სამი ფრთაა, რომელიც სააკაშვილის სახელს იყენებს და ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი განუყოფელი ნაწილიაო. ამ დროს სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ნიშნავს ქალბატონ ჯაფარიძეს, რომელმაც უნდა მოიაროს მთელი საქართველო. არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მცდელობა აქვთ. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე? მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და სამი წარმომადგენელი მოვა თქვენთან, მაგრამ დაუჯერეთ სოფო ჯაფარიძეს, რადგან სოფო ჯაფარიძე არის წარმომადგენელი სააკაშვილის, რომელიც, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, არალეგიტიმურია, საარჩევნო პროცესში იყოს ჩართული. ასეთ დომხალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გამოვიდეს ამ ხელმოცარულებისგან? ამიტომაც არის, რომ ცდილობენ, ყველა პატარა თუ დიდ ტრაგედიაზე ხელი მოითბონ და პოპულისტური განცხადებები აკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.