რაც უფრო მეტს ივლიან, რაც უფრო მეტ პოპულისტურ განცხადება გააკეთებენ, სისულელეებს ილაპარაკებენ, მით მეტად დარწმუნდება ხალხი, რომ 2024-ში „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე პოპულისტია.
„იმ პლატფორმას, რაც ამ ხელმოცარულებს აქვთ, მე დავარქმევდი პოპულიზმის და ხელმოცარულების პლატფორმას. დადიან და ატყუებენ საზოგადოებას. ნათლად გამოჩნდა, ანაკლიაში რომ ჩაატარეს შეხვედრები, მთელი სამეგრელოს რეგიონიდან ჰყავდათ მობილიზებული ხალხი. როგორც გაირკვა, ზოგი შეცდომით ჰყავდათ მიყვანილი. ასე უნდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ეს ხელმოცარულების გაერთიანებაა. რაც უფრო მეტს ივლიან, რაც უფრო მეტ პოპულისტურ განცხადებებს გააკეთებენ, სისულელეებს ილაპარაკებენ, მით მეტად დარწმუნდება ხალხი, რომ 2024-ში „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია. გიორგი ვაშაძე რომ პოპულისტია და საკუთარ თავზე შეყვარებული, გამოჩნდა კიდეც დღეს. ბატონმა ვაშაძემ კიდევ ერთხელ სცადა თავის წამოწევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად, მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს ხაბეს, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ აქ, პარლამენტში, რადგან ეს არასწორია. ხაბეზე მაღალი და პოპულისტი რომ ხარ, ამიტომ გინდა, დაჩაგრო? მიხვედი პარტიაში, ხომ? კეთილი ინებე და გაითვალისწინე – ჯერ ხაბე, მერე – ვაშაძე. პრემიერ- მინისტრობის კანდიდატურაზეც მე მხარს ვუჭერ ბატონ ხაბეიშვილს, ეკუთვნის სამართლიანად. ეს რომ მივიდა იქ და აჩოჩებს, არ მოსულა ეს, არსად არ წერია. სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, ორივე წყალწაღებულები არიან. 2024-ში ხალხი დაინახავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალურები ვართ, ჩვენც გვაქვს შეცდომები, მაგრამ ზუსტად ვიცით და საზოგადოებამ იცის, ქართული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, ამ ინტერესების შედეგები გვაქვს. მერამდენე წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩინეთმა სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიღო და ეს მნიშვნელოლვანი საფუძველია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ურთიერთობები და შემოსავლები საქართველოსთვის. საქართველო მსოფლიო რუკაზე თავის ღირსეულ ადგილს იკავებს და აძლიერებს“,- აღნიშნა ზარქუამ.