ჩვენ გვდევნიდნენ, დაიჭირეს ბადრის რამდენიმე პარტნიორი, რომლებზეც რაღაც აქტივები იყო გაფორმებული. კეზერაშვილმა მითხრა წინა დღეს, რომ მეგობრისთვის გადამეფორმებინა „ბორჯომის“ აქციები და მე უარი ვუთხარი, მეორე დღეს მანქანა ამიფეთქეს. ეს გაფრთხილებას ნიშნავდა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„მე რადგან ამერიკის მოქალაქე ვიყავი, ვერ დამიჭირეს ასე ადვილად, მაგრამ სულ დაკითხვებზე დავყავდით, რომ „იმედის“ დაბრუნებისთვის არ გვებრძოლა და რაღაც მომენტის მერე, როდესაც ყველანაირი კითხვა გაუთავდათ, სამი სხვადასხვა საქმე იყო ჩემზე გახსნილი. რომ ვერ დამიჭირეს, მივყავდი დაკითხვაზე და ბადრის ერთი მეგობარი იყო ასევე დაჭერილი, რომლის სახლიდან ამოიღეს ძველი გაზეთები. თურმე გაზეთებს აგროვებდა, 1960 წლის გაზეთ „კომუნისტს“ დამიდებდნენ წინ და იმ სტატიაზე მისვამდნენ კითხვებს, რადგან კითხვა აღარ ჰქონდათ. შეეძლოთ 12 საათი პროკურატურაში დაკითხვაზე ვყოლოდი და 1960 წლის გაზეთ „კომუნისტზე“ რას ვფიქრობდი, ამაზე დაესვათ კითხვები. გარეთ რომ არ ვყოფილიყავი მხოლოდ ამიტომ.
ჩემს ნაცვლად დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი, ჩემი უახლოესი მეგობარი და პარტნიორი და მათ ოჯახებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რადგან ირაკლის ვერ ვიჭერთ, ამიტომ არის ეს ხალხი დაჭერილიო. ეს იყო სააკაშვილის დემოკრატია“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.