საპარლამენტო უმრავლესობის დეპტატის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის შედეგები 25-30 პროცენტის ფარგლებში იქნება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფა და გარკვეული გადაადგილებები საერთო სურათს არ ცვლის.
„რეალურად, საქმე გვაქვს ერთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც საქართველოში ტრაგედიისა და ომის თანაავტორი იყო. ისინი დღესაც იმავე პოლიტიკის გამგრძელებელი არიან. ამიტომ, ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, შემდეგ რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა, ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის. მათი ელექტორატი ძირითადად ერთგვაროვანია – ეს ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რომელზეც დაშლილი თუ ხან გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებს შორის ახლა ნადირობა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ აქვს და არც ელექტორალურად იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს. ფაქტია, რომ მათი არეალი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული, 25-30 პროცენტის ფარგლებში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.