ახლა ხდება გარკვეული სპეკულაციების წამოწყება, ჩინეთთან პარტნიორობა ხომ არ ნიშნავს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გაცივებას, არამც და არამც, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ეს არის ის ფორმა, რომლითაც ჩინეთი ურთიერთობს ძალიან ბევრ მსოფლიოს სახელმწიფოსთან, დაწყებული ევროპიდან, დამთავრებული აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებით, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩინეთი დღეს არის ფაქტობრივად ამერიკის ტოლფასი ეკონომიკური აქტორი მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, მათთან ეკონომიკური ურთიერთობა, საინვესტიციო მოზიდვა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. გარკვეულად პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში რაც უფრო მეტი ძლიერი სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი თავისი ეკონომიკური ინტერესებით, მით უფრო დაცული იქნება ჩვენი ქვეყანა გარკვეული აგრესიისგან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.