„გუშინ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების, პოლიციის, სუს-ის ნასედკების მონაწილეობით, ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი თავდასხმა ამ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი - ირაკლი ეძგვერაძე. მოვითხოვთ, დაისაჯოს როგორც ამ დანაშაულის შემსრულებლები, ისევე დამკვეთები. ასევე მოვითხოვთ, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ არიან დაკავებულები.“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„გუშინ ჩვენ ყველა ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მომსწრეები. გუშინ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების, პოლიციის, სუს-ის ნასედკების მონაწილეობით, ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი თავდასხმა ამ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი - ირაკლი ეძგვერაძე. გუშინ კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ, რომ რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც მზად არიან მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი გამოდის საკრებულოში და ითხოვს დაისაჯოს რუსეთის აგენტი „ეფესბეშნიკი“ ფარცხალაძე, რომელიც ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული მმართველობა, რუსული მთავრობა, ამის გამო მზად არიან სახლთან დახვდნენ 40-მდე სუს-ის აგენტი, სუს-ის ნასედკა, „ქართული ოცნების“ ტიტუშკა და გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების და მშობლების თვალწინ.
დიახ, რომ არა კახი კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალი ლაჩრები, არაადამიანები, ლაჩრები ვერ გაბედავდნენ უბრალოდ ამას. სამწუხაროდ, არაერთი პრეცედენტია, როდესაც ხდება ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა და ამაზე არავინ სამწუხაროდ პასუხს არ აგებს, ჩვენ კითხვები გვაქვს როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, რადგან ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც დაიწყო საკრებულოში და კრიტიკულ აზრს მოყვა ეს ყველაფერი, ასევე გვაქვს კითხვები სუს-თან, პოლიციასთან, კახი კალაძესთან. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს არა მხოლოდ შემსრულებლები ამ ჯგუფურ თავდასხმაში, არამედ დაისაჯოს ყველა დამკვეთი და ორგანიზატორი და დამკვეთები და ორგანიზატორები უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუს-სა და პოლიციაში.
გარდა ამისა ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები. დაკავებულია ჩვენი კოლეგა ზვიად კუპრავა, დაკავებულია ასევე აბსოლუტურად უკანონოდ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ეს ადამიანები დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუჩნდა კითხვები მაშინ, როდესაც 40-50 ადამიანი გროვდებოდა და უკვე ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ორგანიზება თავდასხმის, სად იყო ამ დროს პოლიცია, ამიტომ გვაქვს ეს ორი მოთხოვნა და დაუყოვნებლივ ეს ორი მოთხოვნა უნდა შესრულდეს.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. . გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.
სწორედ ამ ადგილას დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
დღეს, კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა რომ მას თავს დაესხნენ.
მისი თქმით, გუშინ მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილი, რომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მაქვს მანქანის ნომერიც, ფერიც. ისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერები, რომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
„აქეთკენ მიდიხართ? ქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ეს არის თქვენი მიმართულება? ცეცხლს ეთამაშებით, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
შსს-მ თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ წესით დააკავა