სიცრუე და სიძულვილი არის ორი მთავარი იარაღი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ცხრა არჩევნები მოუგო.
„ეს არ არის მხოლოდ მათ მიერ მოგონილი მეთოდები, ძალიან აქტიურად გამოიყენება ბრძოლის ეს ფორმები ჩვენს ქვეყანაში, რაც არის გამოწვევა არა მხოლოდ სუბიექტურად ჩვენთვის, არამედ ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა მედიის სფეროში, მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, ნებისმიერი ტყუილი შეგიძლია გაავრცელო, ნებისმიერი დეზინფორმაცია შეგიძლია გაავრცელო საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ქმნის სერიოზულ პრობლემებს, ხშირად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ტყუვდება ხოლმე ასეთი არასწორი ინფორმაციით. თუმცა, ჩვენ ასევე გვაქვს შექმნილი ჩვენი საკმაოდ კარგი PR-სამსახურები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ სიმართლე მიაწოდონ საზოგადოებას, ანუ ჩვენი ოპონენტების მიერ გავრცელებულ სიცრუეს ვუპირისპირებთ ხოლმე სიმართლეს.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ გამოგონილი სიცრუით ხდება სიძულვილის გენერირება ქვეყანაში, თუმცა საბოლოო ჯამში, წარმატებას ისინი მაინც ვერ აღწევენ ხოლმე, ახერხებენ გარკვეული მოკლე პერიოდით ქვეყანაში ვითარების დაძაბვას, არჩევნებში გარკვეული წარმატების მიღწევას, მაგრამ ყოველ ჯერზე, საბოლოო ჯამში, გამარჯვება მაინც ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე. ჩვენ ამ წლების განმავლობაში უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ სიცრუეს აქვს ძალა, მაგრამ სიმართლე მაინც ახერხებს ხოლმე გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.