სადაც პოზიციას დაიჭერ და არ გაატანინებ არავის უსამართლო კრიტიკას, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის; ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ მიდგომით ვაპირებთ მომავალშიც მუშაობის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.
პრემიერის შეფასებით, როდესაც ვიღაცას უნდა, რომ გაუმჭვირვალე დარჩეს NGO-ების დაფინანსება, ეს აჩენს შიშებს სახელმწიფო სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
„მით უმეტეს ვიცით, რომ წლების განმავლობაში გაუმჭვირვალობა გამოყენებულ იქნა ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გარეშე შესაცვლელად. გაუმჭვირვალობა იყო ამის მთავარი ინსტრუმენტი. როდესაც ამ პირობებში, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკრიტიკებენ ხელისუფლების ინიციატივას, ეს, რა თქმა უნდა, აღრმავებს ჩვენს შიშებს, საფუძვლიან შფოთვას იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უნდა ვინმეს, მაგალითად გააგრძელოს კელი დეგნანის გზა. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. ამიტომ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შენიშვნები. თუ არ იქნება კონკრეტული შენიშვნები და იქნება ასეთი ზოგადი განცხადებები და მით უმეტეს ასეთი ცრუ განცხადებები, რაც ეხება იმას, რომ თითქოს მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების სახელით მოქმედ ორგანიზაციებზე ვრცელდება „ფარა“. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ სამწუხარო დასკვნებს გამოვიტანთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ვერ შეარყევს ჩვენს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქვეყანამ ბევრად უფრო რთული პროცესები გამოიარა 2020 წლის შემოდგომიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რთული პროცესები დასრულდა იმით, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
„სადაც ღირსეულ პოზიციას დაიჭერ, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის და ასე ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გაგრძელებას. როგორც კი ტყუილს გაატარებ, ჩვენ კომპრომისებიც გვქონდა, მათ შორის აპრილის შეთანხმების სახით, მაგრამ სადაც საჭირო იყო პრინციპული პოზიციის დაჭერა, იქაც იყო, გახსოვთ, უხეში კრიტიკა მათ შორის, დავიჭირეთ პრინციპული პოზიცია და მივიღეთ შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგი არის ის, რომ შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში, არავის მივეცით რევოლუციის მოწყობის საშუალება, მშვიდობა აქვს ჩვენს ქვეყანას და ამასთან ერთად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც პოზიციას დაიჭერ და არ გაატანინებ არავის უსამართლო კრიტიკას, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ მიდგომით ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მომავალშიც მუშაობის გაგრძელებას. ყოველ ჯერზე ჩვენ მოვითხოვთ ფაქტებზე დაფუძნებულ განცხადებებს. სადაც განცხადებები მოკლებულია ფაქტებს, ასეთ განცხადებებს ვერ გავყვებით, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.