2020 წლისთვის იყო კოორდინირებული გეგმა, [რომელშიც] ჩართულები იყვნენ როგორც ოპოზიციური რადიკალური პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. მიზანი იყო რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა და ერთგვარი რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად უამრავი მანიპულაცია განხორციელდა, მათ შორის გაყალბდა პარალელური ხმის დათვლის შედეგები.

„გარედანაც იყო საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა, თუმცა საბოლოო ჯამში ვერ მოახერხეს ამ გეგმის რეალიზება. როგორც მოგეხსენებათ, დათმობებზე წავედით. ხელი მოვაწერეთ 9 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის 43%-იან საარჩევნო ბარიერს, თუმცა აქაც მოვახერხეთ ამ ბარიერის დამაჯერებლად გადალახვა“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

„იმ დროისთვის როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ უკრაინაში ომი განსაზღვრულ დროში აუცილებლად დაიწყებოდა. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას წარმომადგენლებთან და ისინი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ თავად ჰქონდათ ომის დაწყების მოლოდინი. შესაბამისად, იმ დროისთვის უკვე მომწიფებული იყო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ომი იყო მოსალოდნელი. ამ კონტექსტში ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. მის არალეგალურად ჩამოყვანაში ჩართულები იყვნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც სხვადასხვა თანამდებობებზე. ამიტომ, ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ ვარაუდების საფუძველს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს უკრაინიზაცია“, - აღნიშნა კობახიძემ.