საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იქნა შეძენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საავადმყოფო კიდევ უფრო მეტად აღიჭურვოს რესურსებით.
„ეს საავადმყოფო რეგიონში ნებისმიერ კლინიკას გაუწევს კონკურენციას, თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ვითარდება მისი რესურსები. არის არაჩვეულებრივი სამედიცინო პერსონალი და რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს საავადმყოფო იღებს პაციენტებს მათ შორის აფხაზეთიდან, ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის იღებს პაციენტებს, რომლებიც არიან ეთნიკური აფხაზები. რუხის საავადმყოფო ყველა თვალსაზრისით, მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საავადმყოფო აღჭურვილია MRI ტექნოლოგიების უკანასკნელი პროდუქტით, MRI-ს 3 ტესლას მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით. მაღალი ხარისხის გამოსახულებისა და სწრაფი ვიზუალიზაციის ტექნიკის საშუალებით მცირე ზომის დაზიანებების აღმოჩენა და ადრეული დიაგნოსტიკაა შესაძლებელი.
რეგიონის მასშტაბით აღნიშნული აპარატით უზრუნველყოფილი მხოლოდ რუხის კლინიკა იქნება.
საავადმყოფოში ფუნქციონირებს ონკოლოგიური განყოფილება, სადაც პაციენტები ქიმიოთერაპიის პროცედურებს გადიან. ქიმიოთერაპიის სერვისით გასულ თვეში 107 -მა პაციენტმა ისარგებლა.
ამასთან, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კათეტერიზაციის ლაბორატორიას 2 154 000 ლარის ღირებულების ALLIA IGS 530 მოდელის ანგიოგრაფიის აპარატი საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ გადაეცა.
ანგიოგრაფიული სისტემა კატლაბი საშუალებას იძლევა, მოემსახუროს გადაუდებელ კარდიოლოგიურ პაციენტებს, კორონაროგრაფიისა და კორონარული სტენდის, ასევე ანგიოქირურგიულ და ნეიროქირურგიულ საჭიროებათა მქონე პირებს.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც ემსახურება არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.