რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც, არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე გამოიხატება კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობაში, ასევე იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის, შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.
საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას, თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო, საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს. რიკოთის
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უშუალოდ ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა ამ ისტორიული პროექტის წარმატებისთვის. განსაკუთრებული მადლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ხელმძღვანელობას, დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა თქვენ ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც თქვენი დაუღალავი შრომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, წარმატებული ვერ იქნებოდა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო უამრავ ქართველი თუ უცხოელ სპეციალისტს რომელიც ჩართული იყო ამ საქმიანობაში - ინჟინრებს, მშენებლებს, გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოტექნოლოგებს. თითოეული ამ ადამიანის წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში არის განსაკუთრებული, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელება და მომავალშიც წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერმა.