„რაც შეეხება თავად იმპიჩმენტის პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით. საკითხი უმარტივესია – არის რეალურად კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს სურს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, სამუშაო ვიზიტის განხორციელება და ა.შ. მას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა." - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
რატომ? აქ არის მთავარი სისტემა. სისტემა გვეუბნება, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ მთავრობა, ექსკლუზიურად ახორციელებს მთავრობა. სწორედ ამის გამოა, რომ პრეზიდენტს ყოველ ჯერზე ესაჭიროება მთავრობის თანხმობა, თუ მას სურს ვიზიტის განხორციელება. თუ მას არ აქვს თანხმობა, ამ შემთხვევაში უკვე უხეშად ირღვევა კონსტიტუცია. ამიტომ ყველაფერი დღესავით ნათელია. ჩვენ ველოდებით შესაბამისად სათანადო დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოდან. პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსია, ამას კიდევ ერთხელ ძალიან ხაზგასმით გავიმეორებ. შესაბამისად, არ ვიცი, აქ სხვა დასკვნა როგორ შეიძლება ვინმემ გამოიტანოს, რომელიმე იურისტმა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას. უბრალოდ, შეუძლებელია, აქ სხვა დასკვნა გამოიტანო.
სამართლებრივი მხარე წარიმართება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ უკვე პროცედურის პოლიტიკური ნაწილი გადმოდის საქართველოს პარლამენტში, სადაც იმპიჩმენტის სათანადოდ დასრულებას სჭირდება 100 ხმა. ჩვენ არ გვაქვს ამის მოლოდინი. თავიდანვე ვამბობდით, როცა იმპიჩმენტი აღვძარით, რომ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს მარტივი მიზეზის გამო – სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე ჰქონდა გარანტიები, როდესაც ის უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ვერ გარისკავდა. მისთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო მისთვის, თავისი პატრონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი წელი კიდევ ეკავოს სალომე ზურაბიშვილს, საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით და საპარლამენტო არჩევნებს მიღმა კიდევ დაახლოებით ერთი თვე უწევს პრეზიდენტობა, მათთვის მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილს კვლავაც ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი ვერ გარისკავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.