ორპირ კარში ყოფნა ძალიან საშიშია, ორპირმა ქარმა იცის გაციება, ეს მდგომარეობა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით: „ნატო-ს წევრობა არის ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, არ გვინდა ეს ღია კარი, თუ რამის თავი გაქვთ, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა ალიანსში“.
მისი თქმით, იმედი აქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი.
„ზოგადად შემიძლია, გითხრათ, ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, ღია და ორპირ კარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.