პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა დადასტურდება, გაიმართება კენჭისყრა პარლამენტში.
მისი თქმით, კენჭისყრაზე გამოჩნდება კოორდინაცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის არსებობს.
„პირველ რიგში, შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის და ეს კოორდინაცია რომ მიმართულია ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.