დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის, დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. მთლიანობაში, ამ პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია. თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. ეს პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2 400-ზე მეტ ბინას აერთიანებს; 4 შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა, დღეს კი 1 600 ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ 7 ბლოკში. აქ შექმნილია სრულფასოვანი, კომფორტული გარემო გამწვანებული სივრცეებით, სპორტული მოედნებითა და ბავშვთა გასართობი ზონებით. ჩვენი მოქალაქეები დაცულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.
„დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. მნიშნელოვანი პროექტები ხორციელდება ასევე რეგიონებში. რუსთავში 800 ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება, ზუგდიდში 1 700-ზე მეტი ბინა 7 ახალ კორპუსში, ხოლო ბორჯომში ახალ საცხოვრებელს კიდევ 150 ოჯახი მიიღებს. გასულ წელს ქუთაისში უკვე დავასრულეთ 720-ბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ეს არის ის მასშტაბური პროექტები, რომელიც ხორციელდება და რომელთა საბოლოო მიზანია ყველა დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებლით. ამასთანავე, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ უკვე 16 000-მდე ბენეფიციარს შეუსყიდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 000-ს - მიმდინარე წელს“, - განაცხადა პრემიერმა.









