სააკაშვილის პარტიამ, თვითონ სააკაშვილმა ჩააბარა 20% ჩვენი ტერიტორიების რუსეთს. კოდორი, ახალგორი, ასზე მეტი სოფელი. ვინმემ მოკითხა პასუხი ამ ადამიანებს, რომ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას. დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, რომ ჩვენ გვისვამენ კითხვას: რა გეგმა აქვს თურმე მთავრობას, ამ ტერიტორიების დაბრუნების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
"ახლა რაც შეეხება სხვა საკითხებს. ძალიან მოკლედ ასევე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ: გაუკვირდათ ჩვენს ექსტრემისტებს საუბარი და განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მათგან მომდინარეობს და რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ მოისმინა ბოლო დღეების განმავლობაში, ლიბერალური კი არა, ფაშისტური გამონათქვამები, პირდაპირ ბულინგი მიდიოდა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის წევრების, ოჯახის წევრების, შვილების წინააღმდეგ. ეს არის არა თუ ლიბერალიზმი და დემოკრატია, ეს არის ჩვეულებრივი ნეოფაშიზმი. ის მეთოდები, რომლითაც ეს ადამიანები აწამებდნენ ადამიანებს, აუპატიურებდნენ, ტანჯავდნენ, კლავდნენ, თქვენ, ვისაც წაკითხული გაქვთ ლიტერატურა და მასალები, ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური და ფაშისტური მეთოდები. იგივე, აბსოლუტურად იდენტური მეთოდებით აწამებდნენ ჩვენს ხალხს. 300 000 ადამიანი გაასამართლეს ამ ადამიანებმა, ამ ძალის რეჟიმმა. ბატონი მეგრელიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ იქნებ ავუხსნათ კიდევ ერთხელ ხალხს გასაგებად, თუ რატომ ვგულისხმობთ, რომ მათი ეს დესტაბილიზაცია გამოიწვევს ომს რუსეთთან. ეს ძალა როცა იყო ხელისუფლებაში, თავიანთი უგუნური პოლიტიკით დაანგრიეს ქვეყანა. 20% ჩააბარეს. ერთ-ერთი წარმომადგენელი წეღან მეკითხებოდა, რა გეგმა გვაქვს ჩვენ ამ 20%-ის დაბრუნების. ახლა მე მინდა მათ ვკითხო: თქვენ რა გეგმა გქონდათ, როცა ამ პროვოკაციებს თავიდან ვერ იცილებდით კი არა, პირიქით, უფრო მეტს თვითონ აკეთებდით.
მე მინდა უფრო მეტი ვთქვა - ამ ადამიანების, სააკაშვილის პარტიამ, თვითონ სააკაშვილმა ჩააბარა 20% ჩვენი ტერიტორიების რუსეთს. კოდორი, ახალგორი, ასზე მეტი სოფელი. ვინმემ მოკითხა პასუხი ამ ადამიანებს, რომ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას. დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, რომ ჩვენ გვისვამენ კითხვას: რა გეგმა აქვს თურმე მთავრობას, ამ ტერიტორიების დაბრუნების. ჩვენი გეგმა მე ახლა წარმოგიდგინეთ ძალიან მოკლედ, რამდენიმე სიტყვით. ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი, სტაბილური, კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ეს არის გზა, რომელიც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას გაერთიანებისკენ და არა თქვენი გზა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დანგრევას და ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაციას“, - განაცხადა პრემიერმა